ერეკლე II
მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანითავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ოსმალობამ“ შესცვალა.
სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო და სახანოებად იყო დაყოფილი. მალე გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორეც ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა,თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო.
1735 წელს, ყარსის მიდამოებში სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ოსმალები. იმავე წელს ნადირ–შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი განადგურებას გადაურჩა, თუმცა ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტიკად ააოხრა. ქართლში ისევ „ყიზილბაშობის“ ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა. 1733 წელს,თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე
ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.
1739 წელს, ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს გმირობამ გააოცა.
ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს.
1744 წელს, ნადირ–შაჰის ნებართვით, თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ნადირ–შაჰი ხედავდა,რომ ქართველებთან ბრძოლა ძნელი იყო და მათი დამორჩილება ისევ ქრისტიანი მეფეების ხელით გადაწყვიტა. თუმცა თეიმურაზი და ერეკლე საქართველოს თავისუფლებაზე ფიქრით იყვნენ შეპყრობილნი.
ასე რომ, 1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი — კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი (რომლის მოსახლეობა 626 ათასი იყო) ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747 წ.) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები.
რეფორმები
ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.
ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განნახლდა ზარაფხანა,იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.
ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი),დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას.
მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად თბილისისკენ ბევრი ეროვნების ქრისტიანმა თუ არაქრისტიანმა იწყო წამოსვლა და აქ დასახლება. სომხებიც თავიანთ გადამრჩენად მიიჩნევდნენ ერეკლეს.
თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.
საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში „პრინც ერეკლეზე“, რომელსაც „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.
მიუხედავად წარმატებებისა, თავისუფლების განმტკიცების და რეგიონში პირველობის და ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით საზრუნავი არ ილეოდა.
1765 წელს,ერეკლეს წინააამღდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა, შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინაამღდეგენი.
1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში რუსების მხარე დაიჭირა.1769 წელს გრაფი ტოტლებენი შემოვიდა რუსის ჯარით საქართველოში. ერეკლე და ტოტლებენი, გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ საკუთარი საზრიანობისა და გმირობის ფასად, ასპინძის ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა თურქები.
1771 წელს, ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან,1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი,1779–80 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა, ლეკები დაესხენ თუშეთს, ქიზიყს, ცხინვალს, 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები თბილისამდე მოდიოდნენ.
1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.
1785 წელს საქართველოს, ნურსალ ბეგის ვაჟი, ომარ–ხანი, 20000–იანი რაზმით დაესხა თავს. ერეკლესთან შებრძოლება პირისპირ ვერ გაბედა, ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზებით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნები. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ–კახეთს, გადასწვდნენ იმერეთასც.
1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი დალაშქრა. იმავე წელს რუსებმა მოულოდნელად დატოვეს საქართველო.
1779 წელს გარდაიცვალა ირანის შაჰი ქერიმ-ხან ზენდი, რომელთანაც ერეკლეს თითქმის სამი ათეული წელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პრობლემას დიპლომატიური გზებით აგვარებდა. დასუსტებულ ირანში ძალაუფლებას, თანდათან ყაჯართა თურქმენული ტომის წარმომადგენელი, აღა-მაჰმად-ხანი იღებდა.
ბრძოლები
ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებული მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. მართალია ქართლი და კახეთი სხვადასხვა სამეფოებად ითვლებოდა, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ, საბრძოლო მოქმედებებიც ერთიანი ჰქონდათ. მათ ძალზე ხშირად უხდებოდათ თავდაცვითი ბრძოების წარმოება,ზოგჯერ კი რეგიონში ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით თავადაც უწევდათ შეტევაზე გადასვლა. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო–კავკასიელებისა და დაშლილი ირანის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდაომებშიც გადაიზრდებოდა.
1747 წელს, დიპლომატიური მიზნით თეიმურაზი ირანში წავიდა. იმავე წელს ნადირ–შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანში ისევ აირია ვითარება. თეიმურაზმა ქართლი, ირანში წასვლისას აბდულა–ბეგს (არჩილ ბაგრატიონს) ჩააბარა, ერეკლეს კი მისი მმართველობისათვის ზედამხედვრლობა დაავალა. ამ დროს საქართველოს ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა და მათი უმეტესობა აბდულა–ბეგის მომხრე იყო. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტის დათმობა აღარ მოინდომა და ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. ერეკლე ჯერ სამშვილდის ციხესთან შეებრძოლა აბდულა ბეგს, შემდეგ კი თბილისთან, სოლოლაკის და წავკისის მიდამოებში სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამის მერე ერეკლემ თბილისის ციხეებში გამაგრებულ სპარსელთა გარნიზონებს შეუტია და თბილისის ციხეებიდან დამპყრობლები გაყარა. ქართულ ციხეებში ქართლ–კახელთა ჯარის ნაწილები ჩააყენა და მის კოშკებზე ქართული დროშები აღმართა.
1749 წელს თეიმურაზიც დაბრუნდა ირანიდან. მამა–შვილის თავგამოდების შედეგად, თბილისის კედლებს, ამის შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში ომი არ უნახავთ. თუმცა ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინაამღდეგ პირისპირ შებრძოლება.
1749 წელს, ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი. ამის მერე ერევნის სახანო, ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა.
1750 წელს, ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი.
შაქის ხანს, აჯი–ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, არ აწყობდა რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. 1752 წელს, აჯი-ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.
მართალია 1751 წლის ივლისში, თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი, აზატ–ხანის თვრამეტიათასკაციანი ლაშქარი, ერეკლემ ერევნის მახლობლად, ყირბულახის ბრძოლაში საოცარი საზრიანი და საკუთარი გმირული შემართების წყალობით და ბრძოლით დაამარცხა, აჯი-ჩალაბთან მარცხი მაინც ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს.
ერეკლემ, ქართლ–კახელთა ჯარს, დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა.1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში. აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა–ქიში სარდლობდა სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა.
ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა. 1754 წელს, ავარიელი, ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა,არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია,მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი.
1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი.
1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცთან და დვანის ციხესთან. ამ ბრძოლაში მას სოლომონ პირველიც ეხმარებოდა.1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა.
შედარებით მცირე ბრძოლები გრძელდებოდა. მტერი არ ისვენებდა. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს ერეკლეს „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.
1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მიზნნებით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა.
1762 წლიდან ერეკლე ქართლ–კახეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ნიშნავდა,რომ „აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის მანძილზე ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა“.
საქართველოს გაერთიანების მცდელობა
პლატონ იოსელიანის მონათხრობის თანახმად, 1790 წელს, ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან, იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ, ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. დღეს ძნელია შეაფასო ერეკლეს ეს ნაბიჯი. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, თურქეთი დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა, რუსეთიც არ იყო მომხრე ამ გაერთიანებისა. ერეკლეს უარის მიზეზი შესაძლოა ყოველივე ეს იყო, და არა დარეჯან დედოფლის ახირება, რათა იმერეთის ტახტი, მის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს, (შემდგომში სოლომონ II) დარჩენოდა.
ცოტა ხანში გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“. ამ ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინაამღდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. ტრაქტატის ძირითადი ფიგურა ერეკლე იყო
ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის გამეფებით იმერეთში, ერეკლეს გავლენა დასავლეთ საქართველოში გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ.
ოჯახი
ვაჟები
1. ვახტანგი (ვახტანგ კარგი) (1738-1756)
2. სოლომონი (გ. 1765)
3. გიორგი XII
4. ლევანი (1756-1781)
5. იულონი (1760-1816)
6. ვახტანგი (ალმასხანი) (1761-1814)
7. თეიმურაზი , შემდგომში ანტონ II, კათალიკოს-პატრიარქი. (1763-1827)
8. მირიანი (1767-1834)
9. სოსლან-დავითი (გ. დაახ. 1767)
10. ალექსანდრე ბატონიშვილი (1770-1844)
11. არჩილი (გ. დაახ. 1771)
12. ლუარსაბი (დ. 1772; ადრე გარდაიცვალა)
13. ფარნაოზი (1777-1852)
ქალიშვილები
1. რუსუდანი (დ. 1744; ადრე გარდაიცვალა)
2. თამარი (1747-1786) – ცნობილი სარდლის და სახლთუხუცესის დავით ორბელიანის მეუღლე.
3. მარიამი (დაახ. 1750-1829)– თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე.
4. ელენე (1753-1786)– სოლომონ მეორის დედა, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმის, არჩილ ბაგრატიონის მეუღლე. შემდგომი ცოლად გაჰყვა ქიზიყის მოურავ ზაქარია ანდრონიკაშვილს.
5. სოფია (c. 1756; ადრე გარდაიცვალა)
6. სალომე (c. 1761; ადრე გარდაიცვალა)
7. ანასტასია (1763-1838)
8. ქეთევანი (1764-1840)– იოანე მუხრანბატონის მეუღლე.
9. თეკლა (1775-1846)– ვახტანგ ორბელიანის მეუღლე.
10. ეკატერინე (1776-1818)
11. ხორეშანი
No comments:
Post a Comment